რობერტ ფიცო ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება, სლოვაკეთში აცხადებენ, რომ უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას დაბლოკავენ, თუ კიევი რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პარიზში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა იქნება.
სლოვაკეთში განმარტავენ, რომ მზად არიან, ეს პროცესი დაბლოკონ, თუ კიევი რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სურს, ევროკავშირის ექსპერტებმა „დრუჟბის“ მილსადენ შეამოეწმონ.
„უკრაინის პრეზიდენტი განუწყვეტლივ გვაყენებს ზიანს და მიიჩნევს, რომ შეუძლია გვაიძულოს, ჩვენი მშვიდობიანი პოზიცია საომარი პოზიციით შევცვალოთ. ამაში ცდება. 90 მილიარდი ევროდან უკრაინა არაფერს დააბრუნებს, ისევე როგორც არაფერს დააბრუნებს უკვე მიღებული კიდევ ასობით მილიარდი ევროდან, რაც წარმოადგენს მის მოტივაციას, ებრძოლოს რუსეთის ფედერაციას ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე“, – განაცხადა ფიცომ.
უკრაინის გავლით „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში იანვრის ბოლოდან შეჩერებულია. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს „დრუჟბის“ მილსადენით საწვავის მიწოდებას.