რობერტ ფიცო – ევროკავშირი უკრაინის ომის მხარდაჭერისთვის ასობით მილიარდ ევროს პოულობს, საწვავის ფასებთან დაკავშირებით კი შეხვედრასაც ვერ მართავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი ღია წერილით მიმართვას აპირებს.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროკავშირის მხრიდან წევრი სახელმწიფოების ნავთობის კრიზისთან მარტო დატოვება აბსოლუტურად ცინიკურად მიმაჩნია. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირს, როგორც ერთიან ორგანიზაციას, მსოფლიოში რაიმეზე გავლენის მოხდენის უნარი არ აქვს. ჩვენ უმწეოდ ვადევნებთ თვალს, როგორ იწყებენ დიდი თუ მცირე სახელმწიფოები ომებს. ეს ომები იწვევს კრიზისებს, მათ შორის ნავთობის კრიზისს, რაც ჩვენთვის უზარმაზარ პრობლემებს ქმნის. ევროკავშირს შეუძლია, ასობით მილიარდი ევროს მოძიება უკრაინის ომის მხარდასაჭერად, მაგრამ მას არ შეუძლია შეხვედრის გამართვაც კი საწვავის მაღალ ფასებზე სასაუბროდ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა კომპენსაციის მექანიზმის შემოღებას სთხოვს, რათა მოქალაქეებს უზარმაზარი ფინანსური ტვირთის დაძლევაში დაეხმარონ“, – განაცხადა ფიცომ.
ფიცოს თქმით, საწვავის ფასების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას მოითხოვს.
„ამ სულისკვეთებით, ქალბატონებო და ბატონებო, ღია წერილს ვწერ ევროკომისიის პრეზიდენტს. ასევე, მივმართავ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ კოშტას და ვთხოვ საგანგებო სამიტის მოწვევას. თუ არის ქვეყნები, სადაც დიზელის ერთი ლიტრის ფასი სამ ევროს უახლოვდება, ეს ისეთი კრიზისია, როგორიც ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს. ჩვენ კი კვლავ უკრაინის საკითხით ვართ დაკავებული. ისევ და ისევ ერთი და იგივე: უკრაინა. ასობით მილიარდი ევრო უკრაინისთვის, მაგრამ ევროკომისიას აზრად არ მოსდის, რომ საბოლოოდ უნდა დავსხდეთ და ვაღიაროთ: აქ არის ადამიანი, ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც იხდის ფასს უაზრო ომებისთვის, რომ გადასახადებს ჩვენ ვიხდით. ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, მეთქვა, რომ უკიდურესად ცინიკურია, როდესაც უკრაინისთვის ასობით მილიარდ ევროს ვუგზავნით, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს მარტო ტოვებს საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლაში, პრობლემასთან, რომელზეც პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სლოვაკეთი ევროკავშირის იმ ქვეყნების რიცხვში უნდა იყოს, სადაც საწვავი შედარებით იაფია. როგორც ფიცომ აღნიშნა, სლოვაკეთის ხელისუფლება საწვავის საცალო მარჟას შეზღუდავს.
„ვაცხადებ, რომ პირველი ოქტომბრიდან საცალო მარჟას შევზღუდავთ. საწვავის გაყიდვისას მაქსიმალური საცალო მარჟა 10 ცენტით განისაზღვრება“, – განაცხადა ფიცომ.