რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მას უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე ერთნაირი პოზიცია აქვთ
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მას უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე ერთნაირი პოზიცია აქვთ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ პარიზში, მსოფლიო ბირთვული ფორუმის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ფიცოს თქმით, მას და ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე ერთნაირი პოზიცია აქვთ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტს აჩვენა თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ადასტურებდა, რომ უკრაინაში ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა და ნავთობის ნაკადის შეჩერება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ „დრუჟბის“ მილსადენის გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

ამასთან, როგორც ფიცომ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, ევროკომისიისა და სლოვაკეთის ორმხრივ ინტერესებშია, გაგზავნონ საინსპექციო ჯგუფი უკრაინაში, რათა დადგინდეს, ნამდვილად დაზიანებულია თუ არა „დრუჟბის“ მილსადენი.

„„დრუჟბის“ მილსადენი თუ დაზიანებულია, ის რაც შეიძლება მალე უნდა შეკეთდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. სლოვაკეთი და ევროკომისია მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ექსპერტული რესურსები აღდგენისთვის“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის გავლით „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში იანვრის ბოლოდან შეჩერებულია. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს „დრუჟბის“ მილსადენით საწვავის მიწოდებას.