რობ პორტმანი - მნიშვნელოვანია, განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებსა და მის მომავალს
რობ პორტმანი - მნიშვნელოვანია, განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებსა და მის მომავალს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა რობ პორტმანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, რადგან ის გამოხატავს სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს.

აღნიშნულით სენატორმა რობ პორტმანმა უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვას: „დღეს რეალობა ასეთია, ოპოზიცია შესულია საკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობა“ შედის პარლამენტში, თუმცა არ უერთდება დოკუმენტს ხელმოწერით. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილია ეს, რა პოლიტიკური მოცემულობაა და ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია, დოკუმენტს ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდეს საბოლოოდ, რათა აღსრულდეს მიშელის დოკუმენტი“.

„დღეს საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ელიტის, ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო, იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, პუნქტები იქნას აღსრულებული, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის ფართო შეთანხმება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. იცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა რობ პორტმანმა.