რითია განსხვავებული ტრამპის შობა
რითია განსხვავებული ტრამპის შობა

შობას გილოცავთ, – უთხრა რეპორტიორებს დონალდ ტრამპმა. თბილი დღე იყო, თეთრ სახლში ვარდების სუნი იდგა და სულ არ იგრძნობოდა შობის მოახლოება.

ერთი კვირით ადრე წინა ადმინისტრაციების პერიოდებთან შედარებით, არდადეგები უკვე ძალაშია. აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ყველაფრის განსხვავებულად კეთება მოსწონს.

ესაა ხუთი ნიშანი, რითაც ტრამპის შობა გამოირჩევა:

1. შობისთვის მზადება მადლიერების დღემდე დაიწყო

ტრადიციულად, აშშ-ის პირველი ოჯახის ნაძვის ხე მადლიერების დღესასწაულიდან სამი დღის შემდეგ, ცხენშებმული ეტლით მოაქვთ. ათობით წელია, ეს ტრადიცია ვაშინგტონში საშობაო არდადეგების დასაწყისს მოასწავებს.

წელს ნაძვის ხე თეთრ სახლში მადლიერების დღემდე სამი დღით ადრე მიიტანეს. სავარაუდოდ ეს ცვლილება ტრამპის გეგმებმა განაპირობა. მომდევნო დღეს ის ფლორიდაში გაემგზავრა.

მისი არც ეს გადაწყვეტილება დარჩენილა ყურადღების მიღმა. ექსპერტების შეფასებით, ტრამპების ფლორიდაში გამგზავრება ხაზს უსვამს, რომ წინამორბედი პირველი ოჯახებისგან განსხვავებით, თეთრი სახლი მათთვის ცენტრალურ ადგილს არ წარმოადგენს. ისინი შობის გატარებას საკუთარ კომპლექსში ამჯობინებენ.

2. „ბედნიერი არდადეგების“ დასასრული

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპი ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ მალე ამერიკელები ერთმანეთს შობას მიულოცავდნენ და არა არდადეგებს.

ოქტომბერში კი მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ საკუთარი დაპირება აასრულა და განაცხადა – „ამიერიდან ჩვენ ისევ ვამბობთ – გილოცავთ შობას“.

ტრამპის მხარდამჭერებისთვის ეს პოლიტკორექტული ენის წინააღმდეგ გალაშქრებაა. მისი კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება აზრს მოკლებულია, რადგან ობამაც, მის საშობაო მიმართვაში, მილოცვის ამ ფორმას იყენებდა.

3. განსაკუთრებული საჩუქარი ხალხს

ეს იმ საჩუქრებს არ მიეკუთვნება, რომელსაც საშობაო ხის ქვეშ ნახავთ. შემცირებული გადასახადები ლამაზ ქაღალდებში შეფუთული არ მოაქვთ.

დონალდ ტრამპმა მის მიერ ინიცირებული შემცირებული გადასახადები ამერიკელებისთვის მომზადებულ საშობაო საჩუქრად შეაფასა.

4. შობა შინაური ცხოველების ფოტოების გარეშე

ტრამპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს. ასე რომ, ტრადიციებისგან კიდევ ერთი გადახვევა – შობა პირველი ძაღლის სადღესასწაულო ფოტოების გარეშე.

5. მედიის შემცირებული შემადგენლობა საშობაო მიმართვაზე 

ყველა წინამორბედი ადმინისტრაციის დროს პრეზიდენტები საშობაოდ პრესკონფერენციას ბრიფინგისთვის განკუთვნილ ოთახში მართავდნენ. ტრამპმა ეს ტრადიციაც შეცვალა და ჟურნალისტებს ის სავარაუდოდ ოვალურ ოფისში შეხვდება, სადაც ის თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის თანამშრომელმა BBC-ის თეთრი სახლის რეპორტიორს უთხრა.

ამასთან, ტრამპი საშობაო ღონისძიებაზე რეპორტიორების შემცირებულ შემადგენლობას მიიღებს. ამ შეხვედრაზე მისვლაზე უკვე უარი განაცხადა CNN-მა. მათი თქმით, ისინი პროტესტს გამოთქვამენ ტრამპის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმების გამო.