„რითეილ ასოციაცია“ - ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, წევრი კომპანიებიდან გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ინვოისები
„რითეილ ასოციაცია“ - ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, წევრი კომპანიებიდან გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ინვოისები

ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს, გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ინვოისები, – ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შემდოგომი მოქმედებების მიზნით სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღების ფაქტს ადასტურებენ სუს-შიც.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია საკოორდინაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, 21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.