რიში სუნაკი - ჩინეთი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა
რიში სუნაკი - ჩინეთი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა

ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, თუმცა სხვა წამყვანი ეკონომიკები არ უნდა მიისწრაფოდნენ მისგან სრულად გამიჯვნისკენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა „დიდი შვიდეული“ სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩინეთთან ურთიერთობები და რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში სამიტის მთავარი თემები იყო.

„ჩინეთი წარმოადგენს ჩვენი დროის ყველაზე დიდ გამოწვევას გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ის არის სულ უფრო ავტორიტარული ქვეყნის შიგნით და შეუპოვარი – ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა სუნაკმა.

სუნაკის თქმით, ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნები მიყვებიან საერთო მიდგომას ჩინეთიდან მომავალი გამოწვევების შესამცირებლად.

„საქმე ეხება რისკის შემცირებას და არა – გამიჯვნას. „დიდ შვიდეულთან“ ერთად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა აღვკვეთოთ ჩინეთის მიერ ეკონომიკური იძულების გამოყენება სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩარევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

რიში სუნაკმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას ამ ზაფხულს დაიწყებს ქვეყნის საჰაერო ძალების მხარდასაჭერად.

სუნაკის თქმით, არავის სურს მშვიდობა უკრაინის პრეზიდენტზე მეტად, თუმცა ამ მშვიდობის პირობები უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის პრინციპებს.

ჰიროსიმაში სამდღიან სამიტზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.