რიონის ხეობის სოფლებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა
რიონის ხეობის სოფლებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობამ აქციები გამართა.

სოფელ ოფურჩხეთში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა სახელწოდებით „არ გააჩერო ნამახვანჰესი“. მათი თქმით,ჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. გვინდა, განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. ჰესის მშენებლობის შემდეგ ადამიანები დასაქმდებიან და ეს ჩვენი იმედია. დაიხურა სკოლები და დაიცალა სოფლები მოსახლეობისგან. თუ პროექტი არ განხორციელდება, რიონის ხეობა მოსახლეობის გარეშე დარჩება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, სოფელ ჟონეთში აქცია გამართეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმაც. ისინი აცხადებენ, რომ უკვე 83-ე დღეა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ვერც ხელისუფლებისგან და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.