რიო ფერდინანდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰარი კეინისა და ჯეიდონ სანჩოს შეძენას ურჩევს
წარსულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი თავის ყოფილ კლუბს ჰარი კეინისა და ჯეიდონ სანჩოს შეძენას ურჩევს. ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ მანჩესტერელებმა ამ ორ ფეხბურთელში 200 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი უნდა დახარჯონ.
„კეინი გაწბილებულია და მგონია, რომ „ტოტენჰემიდან“ წავა. მას ტიტულების მოგება სურს და სხვა კლუბებს სიგნალს აძლევს. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის შეძენას შეეცდება, რადგან ეს ფეხბურთელი მათ სისტემაში იდეალურად ჯდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჰარისთვის ასევე იბრძოლებენ „რეალ მადრიდი“ და „იუვენტუსი“. მისი ფასი დაახლოებით 130 მილიონი ფუნტი სტერლინგია“, – ამბობს ფერდინანდი.
რაც შეეხება სანჩოს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა მისით „ჩელსი“ და „პარ სენ-ჟერმენი“ ინტერესდებიან.
„ჯეიდონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ საუკეთესო ვარიანტია“, – მიიჩნევს ფერდინანდი. – „მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი ტრანსფერიც 100 მილიონზე მეტი დაჯდება. ეს დიდი თანხაა, მაგრამ აქ საუბარია ძალიან ძლიერ მოთამაშეზე“.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა ცოტა ხნის წინ საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ „ტოტენჰემიდან“ წასვლა სურს, რადგან მისი ოცნება ტიტულების მოგებაა. რაც შეეხება ჯეიდონ სანჩოს, ის დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელია და გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.