რიო დე ჟანეიროში უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა
რიო დე ჟანეიროში უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა

რიო დე ჟანეიროში უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ყველაზე მეტად ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დაზარალდა.

მათივე ცნობით, ადამიანების ნაწილი მეწყერს შეეწირა, ნაწილი კი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ან დაიხრჩო. კიდევ ერთი ქალი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი ავტომობილი მდინარემ წაიღო.

მედიის ცნობით, რიო დე ჟანეიროს ქუჩების ნაწილი დაიტბორა. წყალი ზოგ რაიონში სახლების სახურავებამდე აღწევდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის გამო მეწყრის ჩამოწოლის საფრთხე კიდევ რვა ქალაქში არსებობს. მთავრობამ რიო დე ჟანეიროს დახმარება ფედერალური ბიუჯეტიდან შესთავაზა.