რიო-დე-ჟანეიროში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს
რიო-დე-ჟანეიროში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

რიო-დე-ჟანეიროში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელის განეიტრალება სამხედრო პოლიციის სნაიპერმა მოახდინა, რის შემდეგაც მის მიერ მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამხედრო პოლიციამ ავტობუსი ალყაში რიო-დე-ჟანეიროსა და ნიტეროის დამაკავშირებელ ხიდზე მოაქცია. რის შემდეგაც ოპერაციაში სნაიპერები ჩაერთვნენ. ოპერაციის დროს მძევლები არ დაშავებულან.

შეიარაღებული ბოროტმოქმედი სამგზავრო ავტობუსს თავს ადგილობრივი დროით 05:30 საათზე დაესხა. მან დაახლოებით ექვსი მგზავრი მძევლად აიყვანა და ემუქრებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამბობდა, რომ სამხედრო პოლიციის ოფიცერი იყო, თუმცა ჯერ უცნობია არის თუ არა ეს სიმართლე. ბრაზილიური მედიის ცნობით, შესაძლოა ის უბრალოდ თვითმარქვია იყო. ამასთან ერთად, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ოპერაციის დასრულებამდე ბოროტმოქმედს ხელში ბომბის მსგავსი მოწყობილობა ეჭირა. უცნობია, ჰქონდა თუ არა ბოროტმოქმედს რაიმე სახის მოთხოვნები.

ავტობუსის გატაცება რიო-დე-ჟანეიროსთვის პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წელს შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მასში მყოფი მგზავრები მძევლად აიყვანა. თავდასხმის მიზეზი ბოროტმოქმედის მეუღლე გახდა, რომელიც ავტობუსში იმყოფებოდა და რამდენიმე დღით ადრე მიატოვა. ბოროტმოქმედი პოლიციას მხოლოდ 10 საათის შემდეგ დანებდა.

დატოვე კომენტარი