რიკოთზე ხევი-უბისას საგზაო მონაკვეთის მშენებლობით 10 კომპანია დაინტერესდა
რიკოთზე ხევი-უბისას საგზაო მონაკვეთის მშენებლობით 10 კომპანია დაინტერესდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეთავაზებული წინადადებები განიხილება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, ხევი-უბისას 12,2კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე, დაგეგმილია სამი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის,

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტავს, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.