რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა უახლოეს საათებში მოიხსნება
რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა უახლოეს საათებში მოიხსნება

რიკოთის უღელტეხილზე ორი დღეა, გარკვეული ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. აკრძალვა მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ტრანსპორტს ეხება. ამ დროისთვის, ძლიერი ყინვის გამო, კვლავ რჩება შეზღუდვა, თუმცა რიკოთის უღელტეხილზე, ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, გზა გაწმენდილია და უახლოეს საათებში სრულად მოიხსნება გადაადგილებაზე შეზღუდვა.

რიკოთის მონაკვეთზე ტექნიკური ზედამხედველის, მიხეილ დოფიძის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზა, დაიყარა ტექნიკური მარილი, თუმცა ძლიერი თოვისა და ღამით ყინვის გამო ვერ მოხერხდა მოძრაობის სრულად აღდგენა.

„ახლა გზა შავი გვაქვს. თუმცა ძლიერი ყინვაა. ამ წუთებში -10 გრადუსია, ეს ართულებს მდგომარეობას. მთელი ღამე ვმუშაობდით. იყრებოდა ტექნიკური მარილი. ვფიქრობ, 12:00 საათამდე შევძლებთ გადაადგილებაზე სრულად შეზღუდვის მოხსნას. პატრულთან შეთანხმებით გავუშვებთ რამდენიმე ტრაილერს და ვფიქრობ, მალე აღდგება მოძრაობა ორივე მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისთვის“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ დოფიძე.