რიკოთის უღელტეხილზე თოვლის გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია [ვიდეო]

ინტენსიურად თოვს რიკოთის უღელტეხილზე. თოვლის გამო, შეზღუდულია სატვირთო ავტომანქანების, როგორც მისაბმელიანი, ასევე ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, მათთვის გადაადგილება თავისუფალია.

დილიდან იწმინდება ცენტრალური ავტომაგისტრალი. ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. გზის სავალი ნაწილი იწმინდება თოვლისგან, იყრება ტექნიკური მარილი.

რიკოთზე მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. გზის გაწმენდით სამუშაოებზე კონტრაქტორი კომპანიის 12 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც. უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე დაწესებულია შეზღუდვები.