რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანს ჩინური კომპანია ააშენებს
რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანს ჩინური კომპანია ააშენებს

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ი შეასრულებს. სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა, რის შემდეგაც შეთავაზებული წინადადებები განიხილეს და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია სამი  სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.