რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 51 ხიდზე და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, ხუთი გვირაბი უკვე გაჭრილია. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.

„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება.

რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ჩამოყალიბების კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.