რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას გზის მშენებლობა წელს დაიწყო. ზოგადად, 2021 წელი, რიკოთის გზის მშენებლობაში გარდამტეხი იქნება პროგრესის კუთხით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაო, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 6 გვირაბი უკვე გაჭრილია. სამუშაო ასევე მიმდინარეობს რიკოთის არსებული საუღელეტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს. რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი