რიკოთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით, უსაფრთხოების დამატებითი სამუშაოები გრძელდება
რიკოთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით, უსაფრთხოების დამატებითი სამუშაოები გრძელდება

საავტომობილო მიმოსვლის უახლოეს საათებში აღდგენის მიზნით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწის ნაშალისაგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ბეტონის ბლოკებისაგან გზის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გაატარა მოძრაობის უსაფრთხოების აუცილებელი ღონისძიებები და გზაზე შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. გზის გაწმენდის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რის შემდეგაც გაგრძელდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი სამუშაოები.