რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის სურვილი 12-მა კომპანიამ გამოთქვა
რიკოთის ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის სურვილი 12-მა კომპანიამ გამოთქვა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარდგენილი წინადადებები გაიხსნა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, სატენდერო წინადადება 12-მა კომპანიამ წარადგინა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე გაფორმდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პირველ, ჩუმთელეთი-ხევის მონაკვეთზე ხელშეკრულება 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

უწყება განმარტავს, რომ საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება.