რიკოთის ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
რიკოთის ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გზების დეპარტამენტსა და რიკოთის ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელ ჩინურ კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“-ს და შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
12.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობა იგეგმება, 35 ახალი ხიდითა და 18 გვირაბით. ავტობანის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. სამუშაოს ღირებულება 732 296 478 ლარია.

პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია სამი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ბაზარზე 64 წელია ოპერირებს. აშენებული აქვს 1000-ზე მეტი ხიდი, რომელთა სიგრძე 330 კილომეტრია; 4000 კილომეტრზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი; 203 გვირაბი. Hunan Road and Bridge Construction Group  ტენდერით შეირჩა, რომელშიც 10 კომპანია მონაწილეობდა.