რიკოთის ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთის, შორაპანი-არგვეთას მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რიკოთის ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთის, შორაპანი-არგვეთას მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და დღეს ხელახლა დაიწყო სატენდერო წინადადებების მიღება.

გზების დეპარტამენტის ცნობით, დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა პირველი აგვისტოს 16:00 საათამდე შეუძლიათ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა.

აღსანიშნავია რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.