რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტიდან რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის აკრძალვა ამოღებულია
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტიდან რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვის აკრძალვა ამოღებულია.
ამის შესახებ რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.
სანქციების ახალი პაკეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთისა და უნგრეთის პოზიციის გამო დაბლოკილი იყო. ახლა კი ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
„ევროკავშირმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის განკუთვნილი მასშტაბური კრედიტის საბოლოო დამტკიცების პროცესში. ეს საკითხიც რამდენიმე თვის განმავლობაში სადავო იყო უნგრეთის ვეტოს გამო. საუბარია ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებაზე. პროცესი მიმდინარეობს წერილობითი პროცედურის ფორმატში და გაგრძელდება 23 აპრილამდე“, – აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, რას მოიცავს პაკეტი. მედიის ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, მოიცავს დამატებით შეზღუდვებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე, სანქციების გაფართოებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კონტროლის გამკაცრებას, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ და რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების დამატებითი შეზღუდვებს.