რიჩარდ გირაგოსიანი - სომხეთისთვის რუსეთი ახლა სუსტი, არასაიმედო მეგობარია და განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს
რიჩარდ გირაგოსიანი - სომხეთისთვის რუსეთი ახლა სუსტი, არასაიმედო მეგობარია და განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს

სომხეთისთვის რუსეთი ახლა სუსტი და არასაიმედო მეგობარია, რომელიც განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ერევანში მდებარე რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე მოსაზრებით, უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი შეჭრა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ყველა მეზობლისთვის.

„ორ დაკვირვებას გაგიზიარებთ. ერთი არის სომხეთის პერსპექტივიდან – სომხეთისთვის რუსეთი ახლა სუსტი და არასაიმედო მეგობარია, რომელიც სომხეთისთვის განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროგნოზირებადი მტერი გაცილებთ სხვა გამოწვევას წარმოადგენს სომხეთისთვის, ვიდრე არასაიმედო მეგობარი. მეორე დაკვირვება ანალიტიკოსის თვალთახედვით არის ის, რომ მე ძალზედ შეშფოთებული ვარ, რომ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ჩვენ ყველას გვექნება საქმე გაბრაზებულ, იზოლირებულ პუტინთან, რომელიც შეეცდება, შური იძიოს ყველა მეზობელზე – მოლდოვიდან დაწყებული ცენტრალური აზიის ქვეყნებით დასრულებული“, – განაცხადა რიჩარდ გირაგოსიანმა.

გირაგოსიანმა ასევე ისაუბრა ერევანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტზეც. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იყო მოსკოვისთვისაც. ამასთან, რიჩარდ გირაგოსიანი არ ვარაუდობს, რომ აშშ სომხეთს სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.

„ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერია და ის გახლავთ აშშ-ის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც სომხეთს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეწვია. მიუხედავად ამისა, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუ ეს ვიზიტი არის აშშ-ის პოლიტიკის ცვლილების დასაწყისი, მაშინ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. თუ ჩვენ შევხედავთ მაგალითებს და გაკვეთილს საქართველოდან, სადაც პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იმყოფებოდა, ვნახავთ, რომ იმ ვიზიტს არ მოჰყოლია ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდნენ. ამიტომ, აშშ-ის მხრიდან სომხეთის სამხედრო დახმარებას არ ველოდები. იქნება პოლიტიკური, დემოკრატიული მხარდაჭერა“, – განაცხადა გირაგოსიანმა.

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.