რიჩარდ ბარეტი - კანონმდებლობის მხრივ საქართველო მზად არის მომავალი არჩევნებისთვის
რიჩარდ ბარეტი - კანონმდებლობის მხრივ საქართველო მზად არის მომავალი არჩევნებისთვის

კანონმდებლობის მხრივ საქართველო მზად არის მომავალი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, რიჩარდ ბარეტმა საქართველოს პარლამენტში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

შეხვედრაზე პანდემიის ფონზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული რთულ საკითხებში და მოხარული ვარ, რომ ინფექციის დონე საქართველოში ძალიან დაბალია.

მე ვიმყოფებოდი თბილისში გასულ წელს, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისას, როდესაც ხელისუფლების მხარე განიხილავდა ოქტომბრის არჩევნების საკითხს. ვიცი იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც მაშინ სახეზე იყო. მიხარია, რომ ეს საკითხი წარმატებით მივიდა იქამდე, სადაც ახლა არის, სადაც ცვლილებები უკვე მიღებულია და ქვეყანა მზად არის მომავალი არჩევნებისთვის “, – განაცხადა ბარეტმა.

ერთ-ერთი მოსაზრება გასულ წელს ამ საკითხზე იყო ასევე კანონები, რომელიც უნდა შეცვლილიყო არჩევნებამდე და ეს ქმნიდა სირთულეებს.

საარჩევნო კანონმდებლობის საკითხზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის კრიზისმა ქვეყნებში დამატებითი გართულებები გამოიწვია.

ბარეტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ „რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კანონები საარჩევნო ციკლის მიწურულს იცვლება“.

ვენეციის კომისია აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებში, არსებობს არჩევნებისთვის მიღებული კარგი პრაქტიკის კოდექსი, რომელიც ვენეციის კომისიამ 2003 წელს გამოაქვეყნა. მასში გაწერილი ძირითად პრინციპებს შორის, ერთ-ერთი სტაბილურობას ეხება.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია ანიჭებს ყურადღებას, რომ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური პრინციპები არ უნდა იცვლებოდეს.

„საარჩევნო პროცესის დროს ფუნდამენტური საკითხები არ იცვლება. შეიძლება გარკვეული ცვლილებები იქნას შეტანილი, თუმცა არის ფუნდამენტალური წესები, რომლის შეცვლა დაუშვებელია ნებისმიერი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ბარეტმა.

მისი თქმით, „ამ ყველაფრის შეცვლა ბევრად ფართო მასშტაბის კონსულტაციებს საჭიროებს ყველა მხარესთან მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებასა და მედიასთან და არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პირადი ინტერესების გათვალისწინებით“.