„რია ნოვოსტი“ - რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა ახალი შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები კულისებს მიღმა მიმდინარეობს
„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა ახალი შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები კულისებს მიღმა მიმდინარეობს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აღნიშნულ ინფორმაციას ანკარაში ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ცნობების თანახმად, სტამბოლში 16 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, აგრძელებენ არასაჯარო კონტაქტებს.
ამასთან, უცნობია, როდის და სად შეიძლება ჩატარდეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. „ჯერ არ არის ნათელი, სად ჩატარდება მოლაპარაკებები“, – წერს „რია ნოვოსტი“.
„სტამბული, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების მოსახერხებელი, გამოცდილი პლატფორმაა. მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი კულისების მიღმა, მაგრამ ჯერ არანაირი კონკრეტიკა არ არის“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, 24-25 მაისს დასრულდა ტყვეთა მასშტაბური გაცვლა ფორმულით 1000-ზე 1000, რომლის შესახებაც შეთანხმება სტამბულში მოხერხდა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ როგორც კი სამხედრო ტყვეთა გაცვლა დასრულდება, მოსკოვი მზად იქნება, კიევს გადასცეს დოკუმენტის პროექტი მშვიდობიანი დარეგულირების გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის პირობების მითითებით.