რეზო გაბრიაძის თეატრში ფილმის „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ჩვენება გაიმართა, ტელეპრემიერა კი, საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22:00 საათზე შედგება

რეზო გაბრიაძის თეატრში ანიმაციური ფილმის „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ჩვენება გაიმართა, ტელეპრემიერა კი, საქართველოს პირველ არხზე დღესვე, 22:00 საათზე შედგება.

გაბრიაძის თეატრში ჩვენებას ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, კინორეჟისორები, ხელოვნებათმოცდეები და მსახიობები.

ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის ბავშვობის მოგონებების მიხედვით შეიქმნა. მთხრობელი და ილუსტრაციის მხატვარია თავად რეზო გაბრიაძე; რეჟისორი კი, მისი შვილი ლევან გაბრიაძე.

ლევან გაბრიაძემ საქართველოს პირველ არხს ფილმის შექმნის ისტორია უამბო.

„1996 წელს, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, მამა ჩამოვიდა სტუმრად. ვიფიქრეთ, რადგანაც ანიმაციას ვსწავლობდი, ჩემთვის დაეწერა სცენარი. გამახსენდა, რომ ბავშვობის მოთხრობები ჰქონდა, რომელიც გამოცემული არ იყო. ვთხოვე, გმირები დაეხატა. ეს სამუშაო გაკეთდა, მაგრამ ანიმაციური ფილმის გაკეთება ძნელია და მარტო არ გამოდის. 6-7 წლის წინ ეს იდეა მოვუყევი ჩემს მეგობარს, პროდიუსერსა და რეჟისორ თემურ ბეკმამბეტოვს. მას იდეა ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ, პროექტი ჩაგვეშვა. ფილმი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩემი ოჯახის ისტორიის შენარჩუნების მცდელობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ოჯახი თუ გინდა იყოს ფესვებიანი, მაშინ ეს მითოლოგია უნდა გადასცე შვილებს და შვილიშვილებს. ასეთი ოჯახის გადარჩენის ისტორიის ფილმი არის“, – აღნიშნა ლევან გაბრიაძემ.

ანიმაციურ ფილმს მაყურებელი ქართულ ენაზე დღეს პირველად საქართველოს პირველ არხზე იხილავს. ტელეპრემიერა 22:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის საავტორო თარგმანი თავად რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.

„ეს არ არის უბრალო თარგმანი, ეს არის თავად რეზო გაბრიაძის ტექსტი. ვნახეთ, როგორი ოსტატია. ეს არის ქართული კულტურის მონაპოვარი, ისევე, როგორც მისი ყველა სხვა ქმნილება – ლიტერატურული, თუ კინოფილმი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კიდევ ერთხელ არის რეზო გაბრიაძის დღე საქართველოს პირველ არხზე“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.