რეზო გაბრიაძე - ჩაქრა ეკრანი, რომელსაც ანათებდა მისი ფილმები, გია დანელია აღარაა, მაგრამ მისი ფილმები დარჩება

მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის თქმით, კარგია, რომ საქართველოში დიდხანს ემახსოვრებათ გიორგი დანელია. გაბრიაძის თქმით, დანელია არა მარტო რუსეთის დიდი რეჟისორი იყო, არამედ, საქართველოსიც.

„ძნელია განშორება მეგობართან, ​მით უმეტეს, 50 წლის მეგობართან. ამდენი რამ გვაკავშირებს, ამდენი ვიმუშავეთ ერთად. გიორგი დანელია იყო არა მარტო რუსეთის დიდი რეჟისორი, არამედ, ვფიქრობ, საქართველოსიც. დაიბადა თბილისში, ერთი წელი იცხოვრა და მოსკოვში გადავიდა, თუმცა მისი ოჯახი, მკვიდრი დეიდა ვერიკო ანჯაფარიძე, დეიდაშვილები – სოფიკო ჭიაურელი, საქართველო ძალიან ახლო იყო.

1969 წელს გამოვიდა ფილმი „არ დაიდარდო“. ჩვენ შევხვდით 1968 წელს, ერთმანეთს ელდარ შენგელაიამ გაგვაცნო. ასე დაიწყო ფილმი „არ დაიდარდო“. ეს იყო თან ძალიან რთული და ძალიან მხიარულიც, გატაცებით ვმუშაობდით, სასტუმრო „საქართველოში“ სცენარზე მონახაზი გავაკეთეთ, მერე კი მისი დედა, მერი ანჯაფარიძე ჩამოვიდა და მოსკოვში წაგვიყვანა. იქ გავაგრძელეთ მუშაობა. ისიც ახალგაზრდა იყო, მეც. იყო ძალიან სერიოზული და ხალისიანიც. ასე დაიბადა მეგობრობა. შემდეგ იყო სხვა სურათებიც – „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“. წლები მიდოდა და ქვეყანა, რომელშიც ჩვენ შევხვდით, თითქმის წაიშალა. ქვეყნა, რომელშიც დავიბადეთ, ვსწავლობდით, ვიზრდებოდით, აღარ იყო. ის ეკრანი, რომელსაც ანათებდა მისი ფილმები, ჩაქრა. გია აღარაა, მაგრამ მისი ფილმები დარჩება.

50 წლის შემდეგ მეგობრობა ცოტა ღარიბი სიტყვაა, ეს უფრო მეტს ნიშნავს. კარგია, რომ საქართველოში დიდხანს ემახსოვრებათ გიორგი დანელია“, – აღნიშნა რეზო გაბრიაძემ.

კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.