რეზო არველაძე „საარჩევნო კოდექსში“ ქალთა კვოტების დაკანონებას არ ეთანხმება
რეზო არველაძე „საარჩევნო კოდექსში“ ქალთა კვოტების დაკანონებას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რეზო არველაძე „საარჩევნო კოდექსში“ ქალთა კვოტების დაკანონებას არ ეთანხმება.

როგორც რეზო არველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის წინააღმდეგი კი არ არის, რომ ქალები არ იყვნენ პოლიტიკაში, არამედ წინააღმდეგია ზღვარის დაწესების.

„არგუმენტი ძნელი მოსატანი არ არის. არის პარტია, რომელსაც დიდი რეზერვი და დიდი რესურსი აქვს ქალი პოლიტიკოსების, ამიტომ შეზღუდული არ უნდა იყო. შეიძლება იყოს 30%, შეიძლება იყოს 80%, მაგრამ არის პარტია, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია ასეთი. ქუჩაში ხომ არ დაუწყებს ძებნას, მოდი, ჩემს პარტიაში შემოდი, ვარგა თუ არა. პარტია შეზღუდული არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს თავისუფალი, როგორც დღეს არის. მე გენდერული საკითხის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ქალები არ იყვნენ პოლიტიკაში, მაგის წინააღმდეგ სრულებითაც არ ვარ. მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ რაღაც ზღვარი იყოს დაწესებული, რომ ამაზე ნაკლები არ შეიძლება გყავდეს. თუ არ მყავს რა ვქნა, პარტია აღარ დავაფუძნო“, – განაცხადა არველაძემ.

კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ თუ უმრავლესობას მმართველ პარტიას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ეს კანონპროექტი ასეთი სახით გაიარონ, მაშინ მხარს დაუჭერს.

„გუნდის წევრი როცა ხარ გუნდის წინააღმდეგ ხომ არ წახვალ. გუშინ უმრავლესობის სხდომას არ ვესწრებოდი და არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მხარი დავუჭიროთ, მეც დავუჭერ მხარს“, – განაცხადა არველაძემ.