რეზი აფხაზავა - თუ ბავშვი ძალადობრივ გარემოშია, ამის იდენტიფიცირება მასწავლებელს უნდა შეეძლოს
რეზი აფხაზავა - თუ ბავშვი ძალადობრივ გარემოშია, ამის იდენტიფიცირება მასწავლებელს უნდა შეეძლოს

ბავშვი რომ დალურჯებული ხელებით მოდის, მასწავლებელი ხომ უნდა მიხვდე, რომ ძალადობის ქვეშ არის, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა რეზი აფხაზავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მასწავლებელი თუ იმაზეა ორიენტირებული, ზარი რომ დაირეკება, კლასიდან მოსწავლეს გაასწროს და სახლში გაიქცეს, ასე არაფერი გამოვა. თუ ბავშვი ძალადობრივ გარემოშია, ამის იდენტიფიცირება მასწავლებელს უნდა შეეძლოს“, – განაცხადა რეზი აფხაზავამ.

ამ განცხადებით რეზი აფხაზავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, თუ ბავშვი ძალადობრივ გარემოში იზრდება და ვის უნდა მიმართოს სკოლამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი დამხმარე რგოლი, განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რიგ სკოლებში ფსიქოლოგი და მანდატური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ 2 500-ბავშვიან სკოლაში ორი, თუ ოთხი მანდატური ვერაფერს გახდება.

„ეჭვი მაქვს, დიდი ალბათობით, მანდატურებმა ბევრ დიდ უბედურებას გადაგვარჩინეს, მაგრამ ამდენ ბავშვთან რა უნდა ქნან? მასწავლებელია ის ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა განსაზღვრულ, შედარებით მცირე რაოდენობის მოსწავლეებთან აქვს და ამაში თუ მასწავლებელი არ არის ჩართული, რომელიც ბავშვს იცნობს და მისი წუხილით წუხს, არაფერი გამოვა“, – განაცხადა რეზი აფხაზავამ.

განათლების სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ კარგი მასწავლებლები ისინი იყვნენ, რომლებსაც სპეციალობა სწორად ჰქონდათ ნასწავლი, დღეს კი კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტია.

„ცუდად არავისზე ვლაპარაკობ. ყველას მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვარ, მაგრამ არის რაღაც დრო, როცა შენი საქმიანობა უნდა დაამთავრო და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. იმიტომ კი არა, რომ შენ პროფესიონალი არ ხარ, არამედ იმიტომ, რომ სხვისი ჯერიც დგება. საპენსიო ასაკის არსიც ესაა“, – განაცხადა აფხაზავამ.

მისი თქმით, ამ პედაგოგებს აღარც სტატუსის მილევადობა აქვთ და აღარც სასერტიფიკატო გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი, ისინი საშვილიშვილოდ არიან შენარჩუნებული და სკოლიდან ვერცერთი დირექტორი ვერ უშვებს, რადგან მათი აღდგენა სასამართლოთი ხდება და გაშვებული მასწავლებელი სკოლაში ბრუნდება.