რეზი აფხაზავა - არასწორია, როცა მანდატურს სახელმწიფო ზევიდან, ცენტრალიზებულად ნიშნავს
რეზი აფხაზავა - არასწორია, როცა მანდატურს სახელმწიფო ზევიდან, ცენტრალიზებულად ნიშნავს

უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის პრინციპულად გადამწყვეტი სკოლის შიდა კულტურა, კლიმატია და არასწორია, როცა მანდატურს სახელმწიფო ზევიდან, ცენტრალიზებულად ნიშნავს, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა რეზი აფხაზავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს თემა ხომ გავიარეთ? თავიდანაც ასე იყო, მანდატურს სახელმწიფო ნიშნავდა, მერე ამაზე უარი თქვა და დღეს ისევ პირველად ვერსიას დაუბრუნდა. მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ თუ მანდატურის სამსახურის უფროსმა აქ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მანდატური იქნება უკეთესი ვთქვათ, თერჯოლის რომელიმე სკოლაში? სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს რა, არ ვენდობით? მივცეთ საშუალება, მანდატური თავად აირჩიონ“, – განაცხადა აფხაზავამ.

მისი თქმით, სასკოლო კულტურისა და კლიმატის შემქმნელი სკოლის დირექტორი, მენეჯმენტი უნდა იყოს და სასკოლო თემმა უკეთ უნდა იცოდეს, თავისი სოციო-კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, სკოლაში როგორი ადამიანი სჭირდებათ.

როგორც განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, სტრატეგიულ დონეზე ყველაფერი კარგი და გასაგებია, მაგრამ პრობლემა განხორციელების პროცესში გვაქვს, რადგან უფრო მეტად პროფესიონალი ადამიანები არ გვყავს, რომლებიც მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობაში არიან.

„ჩვენ ბევრი კარგი მასწავლებელი გვინდა, რომლებსაც ბავშვებთან ემპათია, თანაგანცდა და ბავშვების პრობლემების უკეთესად ცოდნის რესურსი ექნებათ. ამისთვის გვჭირდება ფული, რომ მათ ნორმალური ხელფასები მივცეთ და გვჭირდება დარეგულირება, ზედმეტი რეგულაციების მოცილება, რომ სკოლაში ადამიანების შეყვანა მარტივი იყოს, მასწავლებლობის სტატუსის შენარჩუნება კი ძნელი. დღეს ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან ერთი მხრივ, ფული გვაკლია, მეორე მხრივ კი პროფესიონალები“, – განაცხადა რეზი აფხაზავამ.

რეზი აფხაზავამ ასევე თქვა, რომ თემა მომავალს ეხება და საკითხი ყველამ ერთად, შეთანხმებულად უნდა გადაწყვიტოს.