რეზერვისტები, სამხედროებთან და მაშველებთან ერთად, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ
რეზერვისტები, სამხედროებთან და მაშველებთან ერთად, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები.

„წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს. ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.