რევიშვილი ვარსკვლავების სააგენტოს პარტნიორი გახდა - მთავარი ამოცანა ნიჭიერი ფეხბურთელების უცხოეთში გაყვანაა #1TVSPORT
რევიშვილი ვარსკვლავების სააგენტოს პარტნიორი გახდა - მთავარი ამოცანა ნიჭიერი ფეხბურთელების უცხოეთში გაყვანაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა კარიერა სამი წლის წინ დაასრულა და სამეჯერო სააგენტო დააფუძნა. ახლა კი 34 წლის ვეტერანმა თანამშრომლობა სააგენტო „სპორტ ენ ტურაჟთან“ დაიწყო, რომელსაც ცნობილი აგენტი ალექს ფერო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ რევიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ მე მამუკა ჯუღელთან ერთად ვარ. მან კარიერის აწყობაში ხელი შემიწყო და შემდეგაც გვერდში მედგა. ახლა თანამშრომლობა „სპორტ ენ ტურაჟთან“ დავიწყე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცნობილი სააგენტოა, რომელთანაც თანამშრომლობენ რობერტო კარლოსი, ჟულიო სეზარი, ჯონ ტერი, ჟილბერტო სილვა, დავიდ ტრეზეგე. გარდა იმისა, რომ მეგობრობენ და ურთიერთობას ამყარებენ, ლეგენდების მატჩებსაც მართავენ და სატრანსფერო საკითხებს აგვარებენ. ალექს ფერო საქართველოში მყავდა, რადგან შეუძლია ქართული გუნდების დახმარება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ნუკრი რევიშვილმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, მან ალექს ფერო ქართული გუნდის წარმომადგენლებს შეახვედრა.

„მე ვისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველას დავეხმარები, მაგალითად, ახლა გორის „დილას“ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს შევახვედრე, რომელიც თანამშრომლობით დაინტერესებულია. ასევე „თელავის“ ხელმძღვანელობას, რომლებიც გუნდის გაძლიერებას ცდილობენ“.

ნუკრი რევიშვილის თქმით, ბრაზილიელების თანამშრომლობის მიზანი ქართული კლუბების დახმარებაა. თუმცა, თავის მთავარი ამოცანად სხვა რამ აქვს.

„ჩვენი კლუბების გაძლიერება აუცილებელია. თუმცა, ჩემთვის მთავარი ამოცანა მაინც ქართველი ფეხბურთელების ხელისშეწყობა და მათი უცხოეთში გაყვანაა. უფრო და უფრო მეტი ნიჭიერი მოთამაშეს უნდა გავიყვანოთ და გზაზე დავაყენოთ, რომ მერე ნაკრებს გამოადგნენ. ჩემი ამოცანა ესაა“.

დატოვე კომენტარი