რევაზ თელია-კარანაძე - აშკარაა სიგნალები, ტრამპი ამბობს, რომ უნდა მოხდეს მოლაპარაკება, ვხედავთ მინიშნებებს, რომ უკრაინაში ომი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის
ასი დღე უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა აშკარაა სიგნალები, ტრამპი ამბობს, რომ უნდა მოხდეს მოლაპარაკება, – ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა რევაზ თელია-კარანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბაიდენის მთავრობისგან განსხვავებით, ისინი ცდილობენ, ვაშინგტონი გავიდეს პირდაპირ ხაზზე მოსკოვთან. ამავდროულად, ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ის პაკეტი, რაც ბაიდენის მთავრობამ დაამტკიცა, მან ბოლომდე არ მიიღო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ მინიშნებებს, რომ უკრაინაში ომი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.
მისი თქმით, კონფლიქტისა და „მაიდნის“ ავტორი ვიქტორია ნულანდი, რომელიც, ტრამპის ადმინისტრაციის გარდა, ყოველთვის იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, იქნებოდა ის ამერიკის ელჩი ნატო-ში თუ ბლინკენის მოადგილე, კურირებდა „მაიდნის“ თემას, ძალიან მკაცრი ნეოკონსერვატორია და მკაცრად ემხრობა შეკავების თეორიას, რომ რუსეთის გავლენები უნდა შეკავდეს, ჩინეთის გავლენები უნდა შეკავდეს და ამერიკა არის ერთადერთი სუპერძალა, თუმცა 2017 შემდეგ ჩინეთმა საერთო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მშპ-თი გადაასწრო აშშ-ს.
„2000 წლის შემდეგ, როდესაც აშშ იყო მსოფლიო ქვეყნების 78 პროცენტის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, 2020 წლისთვის კი ქვეყნების 89 პროცენტი ვაჭრობს ჩინეთთან, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, სხვა რეალობაში ვართ. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ფასის გადახდა უწევთ სწორედ ამ იდეოლოგებს, როგორიც არის ვიქტორია ნულანდი. მან დაკარგა ბლინკენის მოადგილის პოსტი იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ომი, ეტყობა, ისე არ წავიდა, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ ან როგორც ის ეუბნებოდა თავის ზემდგომებს, თუმცა მან იშოვა სხვა სამსახური და თუ არ ვცდები, NED-ში გადავიდა“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.
როგორც პოლიტეკონომისტმა აღნიშნა, ტრამპისგან განსხვავებულ პოლიტიკას იმიტომ უნდა ველოდოთ, რომ ეს ბიუროკრატები, გადაწყვეტილების მიმღები იდეოლოგები 20-30 წელიწადი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში სხვადასხვა სახით გვევლინებოდნენ, დღეს კი ასე არ არის ტრამპის კანდიდატებიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, პოლიტიკურ საფასურს ძირითადად, ის ადამიანები, პოლიტიკური ფიგურები, სახელმწიფოები თუ ინსტიტუტები გადაიხდიან, რომლებიც დღესაც ვერ აცნობიერებენ, რომ აღარ იმყოფებიან იმ დღის წესრიგში, სადაც მსოფლიოს 14 პროცენტი განაგებდა მოსახლეობის დანარჩენ 86 პროცენტს.
„იმიტომ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა ნელ-ნელა მცირდება და დიდი შვიდეულის ეკონომიკა დღევანდელ დღეს უფრო ნაკლებია, 29 პროცენტი, ვიდრე, მაგალითად, ბრიკს-ის ეკონომიკა, რომელიც 34 პროცენტია და ეს მხოლოდ ხუთი ქვეყანაა, ვიდრე ცხრა ახალი წევრი დაემატებოდა. მსოფლიოში ეკონომიკური ბალანსი ნელ-ნელა იცვლება და ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან ისინი, ვინც ფეხს ვერ აუწყობს ახალ მსოფლიო წესრიგს“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.
ამასთან, რევაზ თელია-კარანაძემ აღნიშნა, რომ დახმარებები, რომლებიც უკრაინას გაეწია, საბოლოო ჯამში, არ არის დახმარებები, რაზეც ჩვენთან მუდმივად საუბრობენ, რომ უკრაინა ამხელა დახმარებებს იღებს.
„ეს დახმარებები არ არის, ეს არის ვალები. ძირითადად, ეს თანხები, რომლებიც მიდის უკრაინაში, უკრაინა მერე ვალდებულია, იარაღი შეისყიდოს ამერიკული სამხედრო ინდუსტრიული კომპანიებისა და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისგან. აქედან გამომდინარე, ეს მიდის ვალად და კონკრეტულად რა პრობლემებსაც აყენებს ზელენსკი, ამ შემთხვევაში ალბათ არ ამბობს, არ უნდა, თქვას, რომ ეს დახმარებები სინამდვილეში არის ვალები, რომლის გასტუმრებაც ან რამე სახით გადახდაც უკრაინის შემდეგ თაობებს მოუწევთ“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.