რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა

17:00, 11.11.2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ADB-ს მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას. მხარეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, განიხილეს მიმდინარე სამუშაოები და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმი-სარფის ახალი გზის, ქობულეთის შემოვლითი გზის, თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტებისა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტებზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – სალომე წურწუმია და ჯემალ ზაბახიძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ანდერს პეტერსონი.

მსგავსი