რევაზ სოხაძე - კახეთის რეგიონში შეფერხებულ პროექტებთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ
რევაზ სოხაძე - კახეთის რეგიონში შეფერხებულ პროექტებთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, სამინისტროს თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება-წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის და ურბანული სივრცეების განახლების სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, კახეთში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობის არის, რადგან საქართველოს აქვს ყველა დიდი ქალაქისა და სოფლების უმეტესობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ვალდებულება.

„აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობაც, სადაც არის გარკვეული შეფერხებები რამდენიმე კომპანიის მხრიდან. იმისათვის, რომ ობიექტები ჩაბარდეს განსაზღვრულ დროში, იქნება მიღებული შესაბამისი ზომები და ადეკვატური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთო ჯამში, 250 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თელავის ისტორიულ უბანში გრძელდება დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და ღია საზოგადოებრივი მოედნის მოწყობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით„ თელავში და რამდენიმე ქალაქში პოტენციური ადგილებიც მოინახულეს და განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების და გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების და ახმეტაში წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები.

მთლიანობაში, კახეთის რეგიონში მიმდინარე 25 პროექტის შედეგად 107 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

აქტიურ ფაზაშია ქალაქ ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნული გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა.