რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანსა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს, დაპირებისამებრ, 20 დღის შემდეგ კვლავ შეხვდა და სკოლის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.
მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო მიიღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება უკვე შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა.
მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტის განხორციელებას გააგრძელებს აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
რევაზ სოხაძემ მშობლებსა და პედაგოგებს განუმარტა, რომ სამინისტროს მიზანია, გორის №11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2027 წლის სექტემბერში განახლდეს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.