რევაზ სოხაძე - ჩვენთვის მთავარია, მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება
ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ექსპერიმენტების ჩატარებას ბიუჯეტის ხარჯზე. გვაქვს კარგად გააზრებული და გათვლილი ის ნაბიჯები, რასაც ვდგამთ. გორი-არგვეთის 105-კილომეტრიანი მონაკვეთი, პირველ რიგში, აირჩა სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი და საინჟინრო კუთხით ყველაზე რთული მონაკვეთი, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა – აშენდა ახალი ავტომაგისტრალები, გვირაბები, ხიდები, ფერდდაცვითი სისტემები და სხვა საინჟინრო ნაგებობები. შესაბამისად, შეიცვალა არა მხოლოდ გზების ხარისხი, არამედ მათი ექსპლუატაციისა და მართვის მოთხოვნებიც.
„დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი აღარ არის მხოლოდ გზის საფარი. ის წარმოადგენს რთულ საინჟინრო სისტემას, რომელიც მოიცავს გვირაბებს, ხიდებს, უსაფრთხოების და მონიტორინგის სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და სწრაფ ოპერატიულ რეაგირებას. ჩვენთვის მთავარი არის, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პრევენცია, რადგან ეს სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ტენდერების ნაწილზე და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, როდესაც კონკრეტული გზების მოვლა-შენახვის ტენდერს კონკრეტული კომპანიები იგებდნენ, თუმცა სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ.
„ტენდერებში გვყავდა თითო მონაწილე, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ამა თუ ამ რეგიონში გზების მოვლის შესყიდვებში იგებს ესა თუ ის კომპანია, ეს კომპანიები არ ზრუნავენ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. გინახავთ, ალბათ როგორი მანქანებით ხდება თოვლის გაწმენდა, მათ შორის, ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჩვენ არ გვინდა, 70-იან წლებში გამოშვებული მანქანებით ხდებოდეს მრავალმილიარდიანი აქტივების მოვლა-შენახვა, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით მართლაც მრავალმილიარდიანი აქტივი და ახლა არის დრო, ამ აქტივს მოვუაროთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება თანამედროვე, ახალი ტექნიკის შეძენა, კერძოდ, 120 ერთეულამდე, რისთვისაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი.
„სახელმწიფო ვერ მოუვლის 6 ათას კილომეტრს, ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, ჩვენი მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. ამავდროულად, ყველანაირ პირობას შევქმნით, რათა კერძო კომპანიებმა შეიქმნან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მათ შესაბამისი და სწორი ანაზღაურების სისტემის პირობებში, რომელიც კონკრეტულ ინდიკატორებზე იქნება დამოკიდებული, მოუარონ გზებს. თუ არ მოუვლიან, შესაბამისად, ჩვენი რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც სხვა შემთხვევებში გვაქვს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.