რევაზ სოხაძე – ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა ჯანსაღი დისკუსია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ

14:43, 27.07.2026

ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია – საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ასევე ფასთან ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და, ზოგადად, გატარებული რეფორმები და რეგულაციები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შედგა ძალიან ჯანსაღი დისკუსია. სოხაძის თქმით, ყოველთვის მზად არიან, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრონ, გააცნონ თავიანთი გეგმები და მათგან მოისმინონ პოზიციები.

„დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თქვენ იცით, რომ ასეთი დიალოგი ხშირი არის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ, მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, მათგან მოვისმინოთ პოზიციები. სიმართლე გითხრათ, დღეს იმ ნაწილზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, არანაირი შენიშვნა არ გამოთქმულა.

ჩვენ გავაცანით, შევაჯამეთ, ასე ვთქვათ, ის ეტაპი, რომელიც რეფორმების კუთხით უკვე გატარდა, თუმცა ეს არ არის პროცესი, რომელიც დასრულდა, ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველა იმ სიახლეს და იმ ნოვაციას მივიღებთ და გავითვალისწინებთ, რაც ამ სფეროს გაჯანსაღებას და წინსვლას ემსახურება. არ მინდა, ისე გამოვიდეს, მაგრამ შენიშვნები ნამდვილად არ ყოფილა. იყო შეკითხვები, რომლებსაც ჩვენ პასუხი გავეცით. იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემები, პრობლემები არა, უფრო სწორად, დახვეწის კუთხით საუბარი, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ძალიან ჯანსაღი დისკუსია იყო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე“, – განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, კერძო სექტორის მხრიდან იყო საკითხები პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, რაც, მინისტრის თქმით, ნამდვილად არის გამოწვევა.

„კერძო სექტორის მხრიდან იყო პროექტირებასთან დაკავშირებით საკითხები, პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, და ეს ნამდვილად არის გამოწვევა. იყო საექსპერტო ცოდნასთან დაკავშირებით, და ეს ნამდვილად არის გამოწვევა. ყველა ამ გამოწვევასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაიდგას ძალიან ქმედითი ნაბიჯები, რათა ამ მიმართულებით გვქონდეს წინსვლა“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მსგავსი