რევაზ სოხაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილება თანხების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით შევიდა
რევაზ სოხაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილება თანხების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით შევიდა

თბილისის მერია წელიწადში დაახლოებით 28 მილიონ ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილება სწორედ აღნიშნული თანხის ეფექტიანად ხარჯვის მიზნით შევიდა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც კომპანიები, რომლებიც ამხანაგობის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებდნენ, მალევე უქმდებოდნენ და მერია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, პასუხს ვერავის სთხოვდა.

„ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდებოდა, რომ კომპანიები, რომლებიც კონკრეტული ამხანაგობის თავმჯდომარის დაკვეთით ასრულებდნენ სამუშაოებს, სამუშაოების შესრულების შემდეგ საერთოდ უქმდებოდა და შესაბამისად, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო პასუხს ვერავის ვთხოვდით. მიღებული ცვლილება უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტი გარანტიით მოხდეს ამ თანხების ათვისება“, – განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატის თქმით, ბუნებრივი პროცესია, როდესაც ზოგ შემთხვევაში ტენდერის ჩაშლა ხდება.

„შეიძლება, ამ გარდამავალ პერიოდში, დროის თვალსაზრისით, გარკვეული შეფერხებაც არსებობდეს, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი წესია ჩვენი ქალაქისთვის, რომ გარდამავალ ეტაპსაც წარმატებით გავივლით“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილებების გადახედვა დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციამ „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა. ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ აღნიშნული ცვლილებების გამო ფერხდება მნიშვნელოვანი სამუშაოები დედაქალაქში.