რევაზ სოხაძე - არქიტექტურული კონკურსები რეგიონებში ახალ ესთეტიკურ სტანდარტებს დაამკვიდრებს
არქიტექტურული კონკურსები რეგიონებში ახალ ესთეტიკურ სტანდარტებს დაამკვიდრებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო პროექტების შერჩევისას აქცენტი აღარ კეთდება მხოლოდ ფუნქციურ მხარეზე და წინა პლანზე ესთეტიკური ღირებულება გამოდის.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, კონკურსები ახალი შესაძლებლობებია ქართველი არქიტექტორებისთვის, რამაც დარგს ახალი სიცოცხლე შესძინა.
„სახელმწიფომ თავისი მიდგომით საქართველოში არქიტექტურული სფერო გააცოცხლა. ჩვენ გვყავს უამრავი ნიჭიერი სპეციალისტი, რომელთაც ახლა ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, საკუთარი ხედვები მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში განახორციელონ“, – განაცხადა სოხაძემ.
რევაზ სოხაძის თქმით, რეგიონების თანაბარი განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ წყალმომარაგების, სპორტული დარბაზებისა თუ მოედნების მშენებლობას, არამედ მათ არქიტექტურულ სრულყოფილებასაც. ასეთი კონკურსების ერთ-ერთი მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე ცენტრები, შენობები ინდივიდუალური იერსახით, რაც ადგილობრივ გარემოს ესთეტიკურად გაამდიდრებს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამშენებლო მასალებისა და ფერების რეკომენდებულ სტანდარტებს ეხება.
„ეტაპობრივად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, გადავდივართ თანამედროვე სტანდარტებზე. ეს ეხება როგორც მასალების ხარისხს, ისე ფერების გამას, რათა მივიღოთ ერთიანი, მოწესრიგებული და თანამედროვე ურბანული გარემო“, – აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.