რევაზ სოხაძე – აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას განაცხადა.
„დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს“, – აღნიშნა სოხაძემ.
მისი თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოწვევa ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის, არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც სოხაძემ განაცხადა, სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რათა მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
„ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვისადმი მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს“, – აღნიშნა სოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
„ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.