რევაზ სოხაძე – 2028 წლის გაზაფხულისთვის თურქეთთან დამაკავშირებელი ახალქალაქი-კარწახის გზა სრულად განახლდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და რეგიონის ძირითადი საავტომობილო გზების განახლების გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ცალკეულ მონაკვეთებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, გზა სრულყოფილ განახლებას საჭიროებს.
„კარწახის მიმართულებით გზის მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობდა, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად უკვე ჩავატარეთ ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც გზას მთელ სიგრძეზე, მათ შორის ადრე რეაბილიტირებულ მონაკვეთებზეც, განახლებული ტექნოლოგიით მოაწყობს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2028 წლის გაზაფხულზე თურქეთთან დამაკავშირებელი თანამედროვე, სრულყოფილი გზა გვექნება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობას, ისე ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სოხაძის თქმით, განახლებული გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასა და რეგიონში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის ძირითადი საავტომობილო გზების განახლების მიზნით დაგეგმილ მსხვილ შესყიდვაზე, რომელიც ნინოწმინდა–ახალციხისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებებს მოიცავს.
„ვამზადებთ მსხვილ შესყიდვას, რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის ძირითადი საავტომობილო მაგისტრალები განახლდება. სრულად მოწესრიგდება ნინოწმინდიდან ახალციხემდე და ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე გზები. ჩვენი მიზანია, დაახლოებით ორ წელიწადში რეგიონში ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალ8ბეგაშვილთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხე–ასპინძის გზაზე რამდენიმე მეწყრული მონაკვეთიც დაათვალიერა.
ადგილზე შეფასდა არსებული მდგომარეობა და განიხილეს მეწყრული მონაკვეთების გამაგრებისა და გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საინჟინრო ღონისძიებები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დაგეგმილია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენება, რათა აღმოიფხვრას მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს გზის უსაფრთხო და გრძელვადიანი ექსპლუატაცია.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.