რევაზ მეჭურჭლიშვილი - უსიმპტომო პაციენტიც არის გადამდები, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სიმპტომების შემთხვევაში
რევაზ მეჭურჭლიშვილი - უსიმპტომო პაციენტიც არის გადამდები, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სიმპტომების შემთხვევაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, ერთი მათგანი კლინიკაში დღეს შეიყვანეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც რევაზ მეჭურჭლიშვილმა აღნიშნა, კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„გვყავს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე პაციენტები. თუმცა ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და სტაბილური“, – განაცხადა ექიმმა.

კორონავირუსის სიმპტომებზე საუბრისას, რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა, რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პაციენტებს აქვთ ძალიან დამახასიათებელი სურათი – ეს არის დაბურული მინის ტიპის სურათი, რაც ბევრ სხვა პნევმონიასაც ახასიათებს.

„თუმცა მსგავსი პნევმონიები ასე ხშირი არ არის და თუკი ასეთი სურათი არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, ძალიან დიდი ალბათობით, ამ ვირუსზე. სიმპტომები იგივე რჩება ჯერჯერობით, ეს არის ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელება, რაც თავიდან მიმდინარეობს. საერთო სისუტე და ა.შ.“ – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

მისივე განცხადებით, სრულიად უსიმპტომო პაციენტი ძალიან იშვიათია.

„ეს არის დაახლოებით ერთ პროცენტზე ნაკლები. უმეტესობაში მიმდინარეობს მსუბუქად, მსუბუქად მიმდინარეობაში იგულისხმება მხოლოდ ტემპერატურა, ხველა და ა.შ, მცირე სიმპტომები, რაც არ არის მძიმე მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი. უსიმპტომო პაციენტებიც ასევე არიან გადამდებები, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სიმპტომების შემთხვევაში. როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს, მაშინ გამოიყოფა წვეთები და ბევრად გადამდებია, ვიდრე უსიმპტომო ადამიანი. გადამდებლობა იწყება ინკუბაციის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ პირველი სიმპტომის გამოვლენამდე ერთი – ორი დღით ადრე“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

​მისივე თქმით, დაავადებას ახასიათებს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

„ვიდრე ჩვენთან დადასტურდებოდა ეს ვირუსი, იქამდეც ვიცოდით ეს მონაცემები. ჩინეთის მონაცემებით, ასეთი ხასიათი ჰქონდა ამ ვირუსს, მკვეთრად შეიძლება დამძიმებულიყო ადამიანი და ლეტალობაც ძალიან მალე დამდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად მიმდინარეობდა, ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენთანაც აღენიშნება დამძიმება, თუმცა რადგანაც ჩვენთან ყველა პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში და სტაციონარში, მათი მეთვალყურეობა მიმდინარეობს, დამძიმების ტენდენცია როგორც კი შეინიშნება, იცვლება მკურნალობის მეთოდებიც. შესაბამისად, ნაკლებად არის ასე გამოხატულად. თორემ, რა თქმა უნდა, არის ჩვენთანაც“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.