რევაზ გოცირიძემ „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რევაზ გოცირიძემ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რევაზ გოცირიძემ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა. მან გუნდი ძალიან კრიტიკულ დროს ჩაიბარა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეუნარჩუნა.
მისი მწვრთნელობის პერიოდში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა პირველ გუნდში. მადლობას ვუხდით გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია „ლოკომოტივის“ განცხადებაში.
43 წლის რევაზ გოცირიძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. ფეხბურთელობისას უთამაშია საქართველოს, გერმანიის, უკრაინის, ისრაელის კლუბებში, კარიერა კი 2014 წელს „საბურთალოში“ დაასრულა. „ვიტ ჯორჯიასა“ და „ოლიმპში“ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხოლო 2004 წელს – ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. საქართველოს ნაკრებში სამი თამაში ჩაატარა.
სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2019-2021 – „თელავს“, ხოლო 2022 წელს ქობულეთის „შუქურას“ თავკაცობდა, 2023 წლის მაისში თბილისის „ლოკომოტივი“ ჩაიბარა. პირველ წელს გუნდს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, ხოლო წელს „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურება ვერ მოახერხა.