რევაზ ძოძუაშვილმა ფოთის „კოლხეთი“ ჩაიბარა
რევაზ ძოძუაშვილმა ფოთის „კოლხეთი“ ჩაიბარა

ფოთის „კოლხეთს“ ახალი სპონსორი და ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სპონსორი სამშენებლო კომპანიაა, ხოლო მთავარი მწვრთნელი, ცნობილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი.

ეს ინფორმაცია დღეს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რაც თავად ძოძუაშვილმაც დაგვიდასტურა.

„ეს ამბავი მართალია – გუნდში ჩემი დანიშვნა ახლახან გადაწყდა. „კოლხეთს“ ახალი სპონსორი ჰყავს, რომელიც შემხვდა და გუნდის ჩაბარება შემომთავაზა. ფოთი ის ქალაქია, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ბორის პაიჭაძე გაუზარდა და უფლება არ მქონდა განზე გადავმდგარიყავი. ახლა გუნდი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს“, – ამბობს რევაზ ძოძუაშვილი.

73 წლის რევაზ ძოძუაშვილი იყო ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა უამრავ გუნდს, მათ შორის, ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს.