რევაზ ძოძუაშვილი - გარკვეულ ჯგუფს არ სურს, რომ „კოლხეთში“ ჩამოსულმა მწვრთნელმა იმუშაოს
რევაზ ძოძუაშვილი - გარკვეულ ჯგუფს არ სურს, რომ „კოლხეთში“ ჩამოსულმა მწვრთნელმა იმუშაოს

ფოთის „კოლხეთი 1913“- იდან გაშვებაზე რევაზ ძოძუაშვილმა პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 73 წლის სპეციალისტი, რომელიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების მთავარი მწვრთნელიც იყო, დანიშვნიდან ორ დღეში გულშემატკივართა მოთხოვნით გაათავისუფლეს.

„ფოთში რომ დავინიშე, მაშინვე გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც ჩემი მუშაობის წინააღმდეგ იყო. როგორც ვიცი, მათ სურთ, რომ „კოლხეთში“ ჩამოსულ მწვრთნელმა არ იმუშაოს და ფოთელი სპეციალისტი დანიშნონ. მე კი დროებით ვითარებას გავეცალე. პიროვნება, რომელმაც „კოლხეთი“ შეისყიდა, ახლა იტალიაშია, ორშაბათს ჩამოდის და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს. ეს პიროვნება დაინტერესებულია, რომ გუნდი ჩავიბარო. დაველოდები ორშაბათს და ყველაფერი გაირკვევა”, – ამბობს პირველ არხთან ძოძუაშვილი.