თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა, რევაზ ჩელებაძემ ბათუმის ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა, რომ აჭარაში უამღლესი დონის სტადიონი აშენდა, რომლის მსგავსი საფეხბურთო არენა საქართველოს მიმდებარე რეგიონებში არ ეგულება.
„ჩვენი კუთხის ოცნება ახდა – სასწაული გაკეთდა, ასეთი სტადიონი მე რაც ვიცი, ამიერკავკასიაში არაა. ძალიან კარგი სტადიონი გვაქვს. ბედნიერი ხალხი ვართ. ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც ამ სტადიონის მშენებლობაში წვლილი მიუძღვის და ერთი აგური მაინც დადო. ვისურვებდი, რომ ამ სტადიონზე ბევრი ისეთი ვარსკვლავი გაიზარდოს, როგორებიც დღეს აქ იმყოფებიან. ეს ჩვენი ფეხბურთისთვის ბედნიერებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია – ღმერთს შევთხოვ, იმას მოგავსწარი, რომ 12 ნოემბერს ჩვნი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.
რევაზ ჩელებაძე ქობულეთშია დაბადებული, 1983–1985 წლებში კი ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა და გუნდის ლეგენდა გახდა. მან ბათუმელთა სახელით 78 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. თუმცა, კარიერის უდიდესი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა (1976–1982 და 1985–1987 წლებში) და „დინამოს“ ფორმით ჩატარებულ 159 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და თასის მფლობელი (1976, 1979), ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981).