რევაზ არველაძე - უკონტროლო შესყიდვები და სტარტაპების დაფინანსება შეიცავს საფრთხეებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კორუფციასთან
რევაზ არველაძე - უკონტროლო შესყიდვები და სტარტაპების დაფინანსება შეიცავს საფრთხეებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კორუფციასთან

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონტროლო ან ტენდერების გარეშე შესყიდვები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

„ვეთანხმები, რაც ბრძანა სერგო რატიანმა იმ ნაწილში, რომ უკონტროლო შესყიდვები ან ტენდერების გარეშე შესყიდვები, ასევე სტარტაპების დაფინანსება გარკვეულწილად შეიცავს იმ საფრთხეებს, რომ შეიძლება გვქონდეს საქმე კორუფციასთან. ადრე რომ ლაპარაკობდნენ „ატკატების“ მიმართულებით“, – განაცხადა რევაზ არველაძემ პარლამენტში, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობდნენ.

მისივე თქმით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებას ყველაფერში ჩარევის უფლება უნდა ჰქონდეს.

„მგონია, არითმეტიკასთან ვერ მოდის ზოგიერთი პუნქტი – როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25% უნდა დაეთმოს დამოუკიდებელ, კერძო და ასე შემდეგ, ამით ჩვენ უფლებას ვაძლევთ, რომ 100%-მდე დაუთმოს, ხომ? არანაკლებ ამას ნიშნავს, რომ 25-დან 100%-მდე. ისევე, როგორც წერია 33-ე მუხლში, რომ წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აქ უნდა ჩაიწეროს ან 0,14 და 25% ან არა უმეტეს 0,14%-ისა და 25%-ისა.

და ბოლოს, მე-18 მუხლზე, როდესაც არის ჩაურევლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი, ფინანსური და ასე შემდეგ. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა და იცით, საზოგადოებას ყველაფერში ჩარევის უფლება უნდა ჰქონდეს. მათ შორის ამაში, თუ საზოგადოების მოთხოვნილება აბსოლუტურად სხვა არის. ვთქვათ, მთავრობამ ჩაატარა გამოკითხვა, აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს ხალხს. ასეთ შემთხვევაში, ამ გამოკითხვის შედეგები რომ გადაეცემა საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული უნდა იყოს, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მგონია, რომ ფორმულირება სხვანაირად უნდა დაიწეროს“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.