რევაზ არველაძე ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის 100 ლარით შეცვლას ითხოვს
რევაზ არველაძე ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის 100 ლარით შეცვლას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში დაწესებული 1000 ლარიანი ჯარიმის 100 ლარით შეცვლას ითხოვს.

რევაზ არველაძემ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

დეპუტატი წარდგენილი პროექტით ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევის არსებობის გამო დაწესებული 1000 ლარიანი ჯარიმის გაუქმებასაც ითხოვს.

„თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა ისეთი სახის დარღვევა არ არის, რომლის გამოც თანამდებობის პირი 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს.  დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მივლინება, როდესაც თანხის ჩარიცხვას ელოდება, რომელიც დეკლარაციაში აუცილებლად უნდა მოხვდეს, მაგრამ იგვიანებს. ასევეა ავადმყოფობა, უბრალოდ მხედველობიდან გამორჩენა და ა.შ. ვინც აგვიანებს, უნდა დაჯარიმდეს არა უმეტეს 100 ლარით და დეკლარაციის წარდგენისთვის დამატებით 14 დღიანი ვადა უნდა მიეცეს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ორგანო უკვე განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, თანამდებობის პირი 1000 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25 პროცენტით დაჯარიმდება, რაც 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.