რევაზ არველაძე - მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ დაპირებული შედეგი არ იქნება
რევაზ არველაძე - მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ დაპირებული შედეგი არ იქნება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხუთის ნაცვლად, ექვსი პრიორიტეტი უნდა წარმოედგინა და მათ შორის, პირველი ენერგეტიკა უნდა ყოფილიყო, რადგან ენერგეტიკის გარეშე ვერც ერთი პრიორიტეტი ვერ შესრულდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგი იყო, რადგან მისივე შეფასებით, ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტრო სჭირდება.

„მინისტრების გამოსვლებით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით, სამი ახალი მინისტრის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მუშაობით, თუ შედეგები ისეთი არ იქნება, რასაც დაგვპირდნენ და ველოდებით. შედეგებზე პარლამენტიც ისევეა პასუხისმგებელი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება. საპარლამენტო კონტროლი გაძლიერებული უნდა იყოს, თუმცა არა იმ მიმართულებით, რომ ბოღმა გადმოვანთხიოთ და ერთმანეთს ჯიბრში ჩავუდგეთ, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ახალი მთავრობისგან კარგ შედეგებს ველოდები, პარლამენტს ორი წელი აქვს დარჩენილი და კონტროლი მაქსიმალურად გაძლიერებული უნდა იყოს“,  – განაცხადა არველაძემ.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.